logo
ENG



"რევოლუციონერები ძველების წინააღმდეგ" - რას უნდა ველოდოთ სომხეთის არჩევნებზე

19 ივნ 202122:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/19/zqqse12hw5s7k6h.jpg

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. 20 ივნისს ქვეყნის მოსახლეობა ახალ ხელისუფლებას აირჩევს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება, ხოლო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება. 

არჩევნებში 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სიის თანახმად, ქვეყანაში 2 583 823 პოტენციური ამომრჩეველია. 

25 პოლიტიკური ძალიდან ექსპერტები მხოლოდ 5 პარტიას გამოყოფენ და ამბობენ, რომ სწორედ ისინი შეძლებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას. არჩევნებში მონაწილეობას მმართველი პარტია სამოქალაქო შეთანხმება იღებს, მათ გარდა საარჩევნო რბოლაში მონაწილეობენ: ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის პარტია სომხეთი, რომელიც ფაშინიანის მთავარ ოპონენტად მოიაზრება, ასევე ბლოკი მაქვს პატივი, რომელსაც ქვეყნის კიდევ ერთი, მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს, პარტია აყვავებული სომხეთი, რომლის ლიდერიც ბიზნესმენი გაგიკ ტსარუკიანია, ასევე სომხეთის პირველი პრეზიდენტის ლევონ ტერ პეტროსიანის პარტია სომხეთის ეროვნული კონგრესი

აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას ქვეყნის რამდენიმე ყოფილი პრეზიდენტი იღებს და ადგილობრივები ამ საარჩევნო რბოლას უწოდებენ: "რევოლუციონერები" "ძველების" წინააღმდეგ. 

პოლიტოლოგები ამბობენ, რომ მთავარი ბრძოლა საპარლამენტო უმრავლესობისთვის ფაშინიანსა და ქოჩარიანს შორის გაიმართება, თუმცა მათივე ვარაუდით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ამომრჩეველთა ხმების 54%-ს ვერ მოაგროვებს და უმრავლესობის მისაღებად სხვა პატარა პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციის შექმნა მოუწევს. 

აღსანიშნავია, რომ ყველა სოციოლოგიური კვლევა განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. მაგალითად Gallup International Association-ის სომხური წარმომადგენლობის MPG Ltd-ს მონაცემებით, ფაშინიანის პარტიას ამომრჩეველთა 23.8% უჭერს მხარს, ხოლო ქოჩარიანის ბლოკს 24.1%. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისში ვითარება სხვაგვარად იყო და გამოკითხვაში მოქმედი ხელისუფლება ლიდერობდა. განსხვავებულ შედეგებს ავრცელებს ადგილობრივი დამოუკიდებელი მედია-პლატფორმა - EVN Report, რომლის ცნობითაც, ფაშინიანი ლიდერობს და მას ამომრჩეველთა 24% უჭერს მხარს. ამავე გამოკითხვით, მმართველი გუნდის მთავარ ოპონენტს, რობერტ ქოჩარიანს მხოლოდ 12% მისცემს ხმას. მესამე ადგილას ბლოკი მაქვს პატივი გავა და 7.4%-ს მოაგროვებს. კიდევ ერთი კვლევის შედეგების მიხედვით, ფაშინიანის პარტია არჩევნებზე 22.4%-ს მიიღებს, ქოჩარიანის ბლოკი - 20.6%-ს, ხოლო აყვავებული სომხეთი 4.2%-ს. კვლევების თანახმად, დანარჩენი პარტიები 5-10%-ზე მეტ ხმას ვერ მიიღებენ. 

სომხეთის საარჩევნო სისტემის მიხედვით პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ, ხოლო ბლოკებმა 7-პროცენტიანი, რათა პარლამენტში მოხვდნენ. 

პოლიტოლოგები აღნიშნავენ იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს ემხრობა, თუმცა ისინი მმართველი პარტიის ხელმძღვანელს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგებს და აზერბაიჯანთან გაფორმებულ შეთანხმებას ვერ პატიობენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მოსახლეობა ხმას მისცემს არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად, არამედ მის წინააღმდეგ. კერძოდ, მოსახლეობის მხარდაჭერა იქნება არა ფაშინიანის მოწინააღმდეგეების მხარდაჭერა, არამედ ფაშინიანის წინააღმდეგ ხმის მიცემა.

კიდევ ერთი ფავორიტი, რობერტ ქოჩარიანი ცნობილია თავისი კარგი ურთიერთობით რუსეთთან. 2008 წელს ქოჩარიანის მმართველობის დროს ერევანში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის ძალადობრივი გზით დაშლის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. მაშინ აქციაზე თავად ნიკოლ ფაშინიანიც დააკავეს. მას ბრალად არეულობის მოწყობა ედებოდა და 7 წელი მიუსაჯეს, თუმცა მას ამნისტია შეეხო და ფაშინიანმა ციხე 2011 წელს დატოვა. რაც შეეხება თავად ქოჩარიანს, ის 2018 წლის ივლისს დააკავეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს და კიდევ ორჯერ დააკავეს. ქოჩარიანის სახელი ქვეყანაში კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირდება.

რა შედეგებით დასრულდება არჩევნები და ვინ ჩაუდგება სომხეთს სათავეში უახლოეს 2 დღეში გახდება ცნობილი.

რა იქნება არჩევნების შემდეგ

პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ არჩევნების მეორე დღეს ორივე ფავორიტი პოლიტიკური ძალა თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს. უკვე ცნობილია, რომ ორშაბათს აქციას გამართავს როგორც ჯერ კიდევ მოქმედი მმართველი პარტია ფაშინიანის ხელმძღვანელობით, ისე რობერტ ქოჩარიანის ბლოკი. მათ უკვე აქვთ დაჯავნილი დედაქალაქის მთავარი მოედნები. ფაშინიანი აქციას მხარდამჭერებთან ერთად რესპუბლიკის, ხოლო ქოჩარიანი თავისუფლების მოედანზე გამართავს.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პოლიტიკური კრიზისის დაძლევის მიზნით მიიღო. ფაშინიანის მიმართ მზარდი საზოგადოებრივი წნეხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მიერ წაგებულ პოზიციებს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს მხარეებს შორის, რუსეთის შუამდგომლობით, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, სომეხი ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ. მასშტაბური აქციების შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა ​28 მარტს გადადგომა დააანონსა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. 


close დახურვა